ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრი

     დაარსებულია 1996 წელს. იურიდიული ფორმა - არამომგებიანი არასამეწარმეო იურიდიული პირი.  მუშაობის ძირითადი მიმართულება ბავშვთა და მოზრილთა კარდიოლოგია, კარდიოქირურგია. ცენტრში დასაქმებულია 237 თანამშრომელი. მათ შორის : 71 ექიმი  , 97 ექთანი ,  17 საინჟინრო ტექნიკური პერსონალი, 27 დამხმარე პერსონალი, 25 ადმინისტრაცია. 2010 წლიდან ცენტრის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. თბილისში ლუბლიანას ქ. N21 საერთო ფართით 10600 კვ.მ. და მასზე მდგარი 18000კვ.მ. ფართის ოთხსართულიანი შენობა.

      დღეისათვის ცენტრს უკავია შენობის მხოლოდ ნაწილი (4000 კვ.მ.) და მასში ფუნქციონირებს შემდეგი სამსახურები და განყოფილებები:  ბავშვთა გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახური, მოზრდილთა კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის სამსახური, ბავშვთა და მოზრდილთა თორაკალური ქირურგიის სამსახურები, არითმოლოგია, ინტენსიური თერაპიის და ანესთეზიის სამსახური, პერფუზიოლოგია, ბავშვთა და მოზრდილთა კათეტერიზაციის ლაბორატორია, კლინიკური ლაბორატორია, სისხლის ბანკი, ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური, კარდიოექოსკოპიის და ფუნქციური დიაგნოსტიკის სამსახური, ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორია, სტაციონარი ბავშვთა და მოზრდილთა განყოფილებებით სულ 60 საწოლზე. დღეისათვის ბავშვთა  გულის თანდაყოლილი პათოლოგიების პროგრმა სრულად არის დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. 

მოკლედ ცენტრის შექმნის ისტორიის და განვითარების ეტაპების შესახებ:

      ჯო ენ მაკგოვენი – ქალბატონი, ვის სახელსაც ატარებს სამედიცინო დაწესებულება 1939 წელს აშშ–ში,  კალიფორნიაში დაიბადა.  წლების მანძილზე იგი აქტიურად მოღვაწეობდა  ჰოლივუდსა და შოუბიზნესში. 1985 წელს ქალბატონი ჯო ენი სანქტ–

–პეტერბურგში  კინოფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ერთ–ერთი თარჯიმანის შვილს, პატარა გოგონას, გულის თანდაყოლილი მანკი ჰქონდა. იმხანად რუსეთში ამ ბავშვის მკურნალობა შეუძლებელი იყო, რის გამოც ჯო ენმა  გოგონა აშშ–ში წაიყვანა სამკურნალოდ. გულზე ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შემდეგ ბავშვი სრულიად გამოჯანმრთელდა, რამაც ჯო ენ მაკგოვენს სანქტ–პეტერბურგში კარდიოქირურგიული კლინიკის შექმნა გადააწყვეტინა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად,  ჯო ენ  მაკგოვენმა თანამოაზრეებთან ერთად აშშ–ში დაარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია „Heart To Heart”, რომლის მეშვეობითაც 1987 წელს, სანქტ–პეტერბურგში, ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი დაარსდა.

     1992 წელს, შემდგომში ჯო ენის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ცენტრის პრეზიდენტი ირაკლი მეტრეველი აშშ–ში შეხვდა ჯო ენ მაკგოვენს, რომელმაც სურვილი გამოთქვა სანქტ–პეტერბურგის ანალოგიური ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი საქართველოშიც შეექმნა. რამდენიმე ხანში, საქართველოში პროექტის განხორციელების მიზნით, ამერიკაში საქველმოქმედო ორგანიზაცია  –  “Global Healing”-ი შეიქმნა.

1993 წელს ქართველი ქირურგები ირაკლი მეტრეველი, ავთო ცინცაძე, ანესთეზიოლოგი მერაბ თევზაძე და კარდიოლოგი თამთა ბოცვაძე სასწავლებლად გაემგზავრნენ სანქტ–პეტერბურგში, ჯო ენის მიერ დაარსებულ ბავშვთა კარდიოქირურგიულ კლინიკაში, სადაც იმ პერიოდში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, მუდმივად იმყოფებოდნენ ამერიკელი სპეციალისტები.

პარალელურად მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოს პროექტზე, რომლის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული ამერიკული მხარე – ჯო ენ მაკგოვენთან ერთად ქართული პროექტის განხორციელებაზე მუშაობენ მისი თანამოაზრეები: გლენ გი, დეივ ნაილესი, მერლინ მაკქუინი, ელიზაბეტ პეო, სინდი იტონი და ქართველი სპეციალისტები :ირაკლი მეტრეველი, ავთო ცინცაძე, მერაბ თევზაძე, თამთა ბოცვაძე და ვახტანგ ლაშხი.

        საქართველოში ბავშვთა კარდიოქირურგიული სამსახურის შექმნის იდეას თავიდანვე დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს ამ დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა ამერიკიდან და ევროპიდან, რომელთა შორის აღსანიშნავია: ფრენკ ჰენლი – სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ბავშვთა გულის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლადო ალექსი–მესხიშვილი – ბერლინის გულის ცენტრის ბავშვთა კარდიოქირურგიის პროგრამის ხელმძღვანელი, ვინსენტ ტამი – ემორის უნივერსიტეტთან არსებული ეგლსტონის ბავშვთა საავადმყოფოს კარდიოქირურგი და ვადიმ ლუბომუდროვი – სანქტ–პეტერბურგის #1 ბავშვთა საავადმყოფოს კარდიოქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი. აღნიშნული დაწესებულებები და სპეციალისტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეხმარებოდნენ ქართველ სპეციალისტებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და მკურნალობის უახლესი მეთოდების დანერგვის საქმეში.

         1996 წლის 16 სექტემბერს საქართველოში, თბილისში, ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის ქირურგიის კლინიკა გაიხსნა. სამწუხაროდ, ამ ღირსშესანიშნავი თარიღიდან ერთი კვირის შემდეგ ქალბატონი ჯო ენ მაკგოვენი –საქართველოში ბავშვთა კარდიოქირურგიის დარგის  ერთ–ერთი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი, “გლობალ ჰილინგის“ პრეზიდენტი – სანქტ–პეტერბურგში, მის მიერ დაფუძნებულ კლინიკაში ინსულტით გარდაიცვალა. მოგვიანებით, თბილისის ბავშვთა გულის ქირურგიის და კარდიოლოგიის კლინიკას ქალბატონი ჯო ენის სახელი ეწოდა. ჯო ენ მაკგოვენის ანდერძის შესაბამისად მისი ორგანოები ტრანსპლანტაციისათვის გამოიყენეს, ხოლო ფერფლი სამ ნაწილად გაიყო და კალიფორნიაში, სანქტ–პეტერბურგსა და თბილისში დაიკრძალა.

        1996  წლიდან დღემდე “ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრში“  დიაგნოსტირდა ათასობით გულის თანდაყოლილი მანკის შემთხვევა. ჩატარდა 3000–ზე მეტი კარდიოქირურგიული ოპერაცია. ბავშვთა კარდიოქირურგიას ხელმძღვანელობს ცენტრის პრეზიდენტი და დარგის პიონერი ქვეყანაში ი. მეტრეველი. ბავშვთა კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელია  ვ. ხელაშვილი

          დღიდან  ცენტრის დაარსებისა, მისი თანამშრომლები მუდმივად გადიან სტაჟირებას და კვალიფიკაციის კურსებს უცხოეთის კლინიკებში. დღეისათვის ჯო ენის ცენტრის ყველა წამყვანი სპეციალისტი ფლობს ევროპის და ამერიკის შესაბამის დაწესებულებების დიპლომებსა და სერთიფიკატებს. ცენტრის კარდიოექოსკოპიის ლაბორატორია ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის მიერაა სერთიფიცირებული.  წლების მანძილზე ჯო ენის ცენტრი თავად გადაიქცა სასწავლო დაწესებულებად. მის ბაზაზე ფუნქციონირებს საექთნო სკოლა, საუნივერსიტეტო რეზიდენტურის კურსები, საექიმო კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოვლინებულ პედიატრებსა და კარდიოექოსკოპისტებს მუდმივად უტარდებათ ტრენინგი გულის თანდაყოლილი პათოლოგიების ადრეული გამოვლენისა და დიაგნოსტიკის კუთხით. ცენტრში აღიზარდა სპეციალისტების რამდენიმე თაობა, რომლებიც დღეს წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში წამყვან პოზიციებზე.

        „ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრმა“ ბავშვთა კარდიოქირურგიული პროგრამისათვის უსაფრთხო სისხლისა და სისხლის კომპონენტების მუდმივი საჭიროებიდან გამომდინარე 1998 წელს დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა ე.წ. „სისხლის ბანკის“ სამსახურის შექმნაზე, რაც წარმატებით დასრულდა 1999 წლის სექტემბერში - ფუნქციონირება დაიწყო „სისხლის გადასხმის სამსახურმა“. პროგრამა განხორციელდა ადგილობრივი და უცხოელი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და დახმარებით. დღეისათვის აღნიშნული სამსახური ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში, სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხო სისხლის პროგრამის მოთხოვნებს და    მოქმედებს უსასყიდლო დონორობის პრინციპზე. ჯო ენის ცენტრის სისხლის ბანკში იწარმოება სისხლის ყველა კომპონენტი. შექმნის დღიდან სისხლის ბანკს ხელმძღვანელობს ლ. ავალიშვილი.

        2000 წელს „ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაიწყო მოზრდილთა გულ–სისხლძარღვთა ქირურგიისა და ურგენტული კარდიოლოგიის პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებში დღემდე შესრულებულია სხვადასხვა სახის ათასობით კარდიოქირურგიული ოპერაცია. „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გადაუდებელი კარდიოლოგიური დახმარების და ინტენსიური თერაპიის განყოფილება ახორციელებს მწვავე და ქრონიკული კარდიოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტების სადღეღამისო მიღებას. მოზრდილთა კარდიოქირურგიას ხელმძღვანელობს ცენტრის სამედიცინო დირექტორი, ქვეყნის წამყვანი კარდიოქირურგი ა. ცინცაძე. კარდიოლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობს გ. კაჭარავა, ექოკარდიოლაბორატორიის ხელმძღვანელია   ლ. ყურაშვილი.

        2005 წლიდან „ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრმა“ დაიწყო ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის (ეკმო) პროგრამაზე მუშაობა, რისთვისაც ინგლისში მომზადდა და სერთიფიცირდა შესაბამისი   სპეციალისტი. პროგრამა ამოქმედდა 2006 წლის მარტიდან.

        1998 წლიდან გულის თანდაყოლილი პათოლოგიებით დაავადებულ პაციენტთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და დახმარების მიზნით შეიქმნა ფსიქოლოგიური სამსახური, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდებისათვის, ვინაიდან ბევრი მათგანის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და ხშირ შემთხვევაში მოითხოვს განმეორებით ოპერაციულ ჩარევას, რასაც ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება (ხელმძღვანელი ხათუნა დოლიძე).

        2004 წელს ცენტრში დამონტაჟდა კორონაროგრაფიის აპარატურა და დღეისათვის წარმატებით ფუნქციონირებს ბავშვთა და მოზრდილთა კათეტერიზაციის ლაბორატორია, რომელიც უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესოა ამიერკავკასიაში (ხელმძღვანელი - ი.გოგორიშვილი) .

        1997 წლიდან ამოქმედდა ცენტრის კლინიკური ლაბორატორია (ხელმძღვანელი - ს. ჩიკვაიძე), სადაც უმაღლეს დონეზე, საუკეთესო ავტომატური ანალიზატორების გამოყენებით ხორციელდება ყველა სახის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

        2006 წელს ცენტრში შეიქმნა არითმოლოგიის სამსახური. სამსახურის ხელმძღვანელად მოწვეულ იქნა ესპანეთში წარმატებით მოღვაწე ჩვენი თანამემამულე (გ. პაპიაშვილი), შეძენილ იქნა ყველაზე თანამედროვე აპარატურა და დღეისათვის ცენტრის არითმოლოგიის სამსახურს თავისი შესაძლებლობებით  საქართველოში ანალოგი არა აქვს.

       ჯო ენის სამედიცინო ცენტრში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მედიცინის მოთხოვნათა შესაბამისად მუდმივად ხდება სამედიცინო აპარატურის ბაზის განახლება. მხოლოდ ბოლო ორი წლის მანძილზე შეძენილი იქნა 2 000 000 ლარის უახლესი ტექნოლოგიის სამედიცინო დანადგარები.

      „ჯო ენის სამედიცინო ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან სამედიცინო ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან, რაც  უახლესი სამკურნალო მეთოდებისა და ტექნოლოგიების დროულად შესწავლასა და დანერგვის საშუალებას იძლევა.“ჯო ენის სამდეცინო ცენტრი“უცხოელი სპეციალისტების მიერ ერთ– ერთ წამყვან კარდიოქირურგიულ კლინიკად არის მიჩნეული კავკასიის რეგიონში.  ამის დასტურია მეზობელი ქვეყნებიდან სულ უფრო მზარდი პაციენტთა ნაკადი.

        ფონდი “GLOBAL HEALING”-ი, რომელიც წარმატებით აგრძელებს  პეტერბურგსა და საქართველოში მიღებული გამოცდილების განვრცობას მესამე ქვეყნებში.  საქველმოქმედო  ფონდი გეგმავს ჯო ენის კლინიკა აქციოს კარდიოქირურგიაში სპეციალისტთა მომზადების საქმეში განვითარებადი ქვეყნებისათვის სასწავლო ბაზად.  ბოლო პერიოდში თემას გამოეხმაურა როსტროპოვიჩის ფონდიც, რომელიც “GLOBAL HEALING” - თან ერთად გეგმავს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული პაციენტების ნაკადის მომართვას ჯო ენის ცენტრში და საბოლოოდ ჯო ენის ცენტრის დახმარებით აზერბაიჯანში ბავშვთა კარდიოქირურგიის კლინიკის დაფუძნებას.

         ამჟამად  “ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრში“ მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო - სარემონტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ კლინიკა გახდება მულტიპროფილური.  საწოლების რაოდენობა გაიზრდება 120-მდე,  კლინიკა აღიჭურვება თანამედროვე სადიაგნოსტიკო სამედიცინო აპარატურით. მას დაემატება რამდენიმე მნიშვნელოვანი, რენტაბელური მიმართულება და მოხდება თვისობრივად ახალი, მარავლპროფილური სამედიცინო ცენტრის ფორმირება. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2013 წლის ბოლოს.

2011 წლის მოკლე სტატისტიკური მონაცემები:

ცენტრის მიერ გატარებულ პაციენტთა რაოდენობა:

სულ შემოსული პაციენტები:

11385

ამბულატორიაში:

9019

მათ შორის მოზრდილებში:

3307

მათ შორის ბავშვთა გან-ბაში:

5712

სტაციონარში:

2366

მათ შორის  მოზრდილთა თერაპიაში:

1659

მათ შორის მოზრდილთა ქირურგიაში:

116

მათ შორის გულმკერდის ქირურგიაში:

4

მათ შორის ბავშვთა განყოფილებაში:

587

 

 

 

 

ააიპ „ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრი“

პრეზიდენტი: ირაკლი მეტრეველი

სამედიცინო დირექტორი: ავთანდილ ცინცაძე

აღმასრულებელი დირექტორი: ჯანსუღ კვირიკაშვილი

ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების დირექტორი: მერაბ თევზაძე

კომერციული დირექტორი: ვახტანგ ლაშხი

ადმინისტრაციის უფროსი: გოჩა კუხალაშვილი